top of page
Writer's pictureCEO Darina Mikeladze

ელისო კილაძე საუკეთესო ტყუილების ავტორი და მეზღაპრე. ტყუილების და ფეინიუსების დედაბოძი


„არ მინდა, თავის მოწონება გამომივიდეს. ამიტომ,არ ვიტყვი, რომ რაღაც გაუგნარი მუქარები ყოფილა, თუმცა შემოთავაზებები არის,“ – ამბობს „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც შეკითხვაზე, მედიამოდას ქმნის თუ არა, ასე პასუხობს: „დიახ, რატომაც არა?! – კვირა არ გავა, რომ „ქრონიკა +“-ზე, ან ჩემზე დაყრდნობით „ნიუსი“ არ იყოს. საერთოდ, მგონია, რომ ტრადიციული რედაქტორის სტერეოტიპი დავამსხვრიე – ზოგი გავლენიანი და მაღალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორს სახეზე არ იცნობენ, მე კი, არ ვიმალები და ყველა სატელეფონო ზარს ვპასუხობ“… სატელეფონო ზარების გარდა, ელისო კილაძეს ისეთ შეკითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა, მაგალითად, თუ ვინ აფინანსებს მის სკანდალურ გაზეთს, ან ვინაა „ჩიტი“, რომელსაც მთელი ქვეყანა ეძებს?.. მოკლედ, ელისო კილაძის ინტერვიუს მეორე ნაწილს წარმოგდგენთ, სადაც ჟურნალისტი რამდენიმე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს და იმ სქემაზეც ლაპარაკობს, თუ როგორ ჩაიშალა 2012 წლის პირველი ოქტობრის ღამეს ირაკლი ალასანიას მკვლელობა.

– ელისო, გეთახმები, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: მერაბიშვილთან დაპირისპირების მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურში, თან არცთუ დაბალ თანამდებობაზე სამუშაოდ მაინც წახვედი. რატომ?

– იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი მეგობრის, კაკო ბობოხიძის ფაქტორი იყო.

– არ ელოდი, რომ პროვოკაციას მოგიწყობდნენ?

– ველოდი.


– და თუკი ელოდი, ოჯახი, ბოლოს და ბოლოს, შვილები დარტყმის ქვეშ რატომ დააყენე?

– სხვა გამოსავალი არ მქონდა – ჩემი მეუღლე უმუშევარი დარჩა და ოჯახს სხვა შემოსავალი არ ჰქონდა.

– კი, მაგრამ შენ ხომ მუშაობდი?

– ამასაც პირველად ვამბობ: გუბერნიაში ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა და იმ მომენტში ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ანუ მივხვდი, რომ ვეღარ გავუძლებდი, სამსახურიდან წამოვედი და ამ დროს ბარათზე, თანხის ნაშთი, 45 ლარი მქონდა.

– ელისო, ამბობ, კაკო ბობოხიძე ჩემი მეგობარი იყო და გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსად ამის გამო წავედიო, მაგრამ საჯარო სამსახური რატომღა დატოვე, ანუ ბობოხიძე ვეღარ, ასე ვთქვათ, გიცავდა?

– დიახ, ვეღარ მიცავდა.

– შენს წინააღმდეგ ასეთი რა ხდებოდა, რომ დაცვა გჭირდებოდა?

– ჩემს წინააღმდეგ კი არა, ზოგადად, ქუთაისში ხდებოდა. ეს კლანებსა და უწყებებს შორის საშინელი დაპირისპირება იყო. ქუთაისის კუდ-ის მაშინდელ უფროსს, კოტე არჩიას, რომელიც ახლა ქვეყნიდან გაქცეულია და დევნილის სტატუსს ელოდება, ამოცანად ჰქონდა, რომ კაკო ბობოხიძე, გოჩა თევდორაძე და სხვები კორუფციაში ემხილებინა, მაგრამ მისთვის ხელისშემშლელი ვიყავი – ჟურნალისტებსა და სხვა პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ინფორმაციას მუდმივად ვიღებდი და ყოველთვის ძალიან ვფრთხილობდი. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, ქუთაისში ჯგუფებს აგზავნიდნენ, რომელთაც უნდა გაეგოთ, თავის დროზე ტენდერებს ხომ არ ვიგებდი, ან რამე ქონება ხომ არ მაქვს, მაგრამ ამაზე მეცინება – არ იციან, რა პირობებში ვმუშაობდი.

– რა პირობებში?

– მე და გუბერნატორს საერთო მისაღები გვქონდა და გარდა იმისა, რომ ჩემი კაბინეტი „დაჟუჩოკებული“ იყო, აივანიც კი ისმინებოდა.

– მერაბიშვილის დავალებით გისმენდნენ?

– ალბათ…

– ესე იგი, „ნაციონალები“ ერთმანეთს არ ენდობოდნენ?

– დიახ, არასოდეს ენდობოდნენ. არავინ თქვას, რომ მათ ერთი პირი ჰქონდათ… ბოლოს, სამტრედიაში პატრული, რომელმაც მოქალაქე გადაარჩინა, დაიღუპა და მთელი ხელმძღვანელობა მისი დასაფლავებიდან ბათუმში წავიდა. დილით, 8 საათზე, ჩემი მეგობრის მესიჯმა გამაღვიძა, რომელიც უნივერსიტეტში ეროვნულ გამოცდების დამკვირვებლად მუშაობდა.

– მეგობარმა რა მოგწერა?

– რა და, – ახლა, ვანო მერაბიშვილი ტაბიძის ქუჩაზე, „კუდ“-ის შენობაში შევიდაო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მძიმე ხდებოდა, ანუ იმდენად რთული სიტუაცა იყო, რომ ჩავთვალე, კაკო ბობოხიძეს იჭერდნენ. კაკოსთან დავრეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სხვა მეგობრებსაც დავურეკე… მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ქუთაისის მერიაში სპეცოპერაცია ჩაატარეს და 18 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, უწესიერესი ადამიანი, ვიცე-მერი ომარ კიკვაძე. სხვათა შორის, სოსო თოფურიძემ იმიტაცია გააკეთა, ვითომ ეს ხალხი თათბირზე „აიყვანეს“, მაგრამ ჯერ დააკავეს, მერე კი, თათბირის იმიტაცია მოაწყვეს, სადაც კამერებით შეცვივდნენ და თითქოს მაშინ დაიჭირეს. ყველა ეს ადამიანი უდანაშაულო იყო და, საბოლოო ჯამში, გამოუშვეს, მაგრამ დაკავებულებს აიძულებდნენ კაკო ბობოხიძისა და გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიეცათ. ვანო,რამდენადაც უნდა გაგკვირდეს, ამ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, „ნაცმოძრაობის“ მაშინდელმა გენმდივანმა დათო კირკიტაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ადამიანები გამოეშვათ – შეიძლება, ყველას უდანაშაულობა არ დამტკიცდა, მაგრამ ის 5 ათასი ლარი გირაო თუ ჯარიმა დათომ პარტიიდან გადაიხადა. ბოლოს, ისიც გაირკვა, რომ არანაირი გრანდიოზული კორუფციული სქემა არ ყოფილა, უბრალოდ, არჩაიამ მერაბიშვილი შეცდომში შეიყვანა.

– ეს ამბები როდის ხდება, ელისო?

– როდის და, – 2007 წლის ზაფხულში.

– ამ დროს სანდრო გირგვლიანი უკვე მოკლულია. შენი, როგორც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია როგორი იყო?

– ეს ისეთი დეტალებია, რომელთა გარეთ გამოტანაზე აქამდე არც მიფიქრია… ამ თემაზე მე და კაკოს საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა…

მოკლედ, ყველამ იცოდა, რომ ის 18 ადამიანი უდანაშაულო იყო. ამ დროს, ჩემთან მერიის სანტექნიკოსი მოდის და მეუბნება, არჩაიამ შემოგითვალა, განცხადება ტაბიძის ქუჩაზე გაკეთდება და ჟურნალისტები „კუდ“-ში გაუშვიო, ანუ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი „ოდეერი“ იყო, მაგრამ არც ვიცოდით და ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდით. საერთოდ, ჩვენს ირგვლივ ინფორმატორები ყოველთვის იყვნენ… ჟურნალისტები ტაბიძის ქუჩაზე არ გავუშვი… ყველაფერ ამის მერე, ცხადი გახდა, რომ კაკოსთან მეგობრობის მიუხედავად, იმ სამსახურში ვეღარ დავრჩებოდი, რადგან მთელი წნეხი ჩემზე წამოვიდა.

– ელისო, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ბიძინა ივანიშვილი სიცრუის ტირაჟირებაში გამხელს, ხომ არ ფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვი, როცა გირგვლიანის მკვლელობის მერე სამსახურიდან არ წამოხვედი?

– შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა სახელმწიფო სამსახურში წავედი, მაგრამ სხვანაირად წარმომედგინა – ვფიქრობდი, რომ იქ რამეს გავაკეთებდი, რამეს შევცვლიდი. ჩემი აზრით, ალბათ, უფრო ნორმალურია, რომ ჟურნალისტები სახელმწიფო სამსახურში არ მიდიოდნენ… მოკლედ, ვატყობდი, კაკო იმ მდგომარეობაში აღარ იყო, რომ ჩემი დაცვა მოეხერხებინა. ჩემი იქ ყოფნა მისთვის, ალბათ, უკვე დისკომფორტი იყო. ამიტომაც, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი, თუმცა მასთან არ მილაპარაკია – განცხადება დავწერე და წამოვედი. ამის შემდეგ ჩემთან კაკოს ძმა, ლევან ბობოხიძე მოვიდა, ლევანს ვუთხარი, რასაც ვფქირობ, არ მინდა, ან ტელეფონით ვუთხრა, ან კაბინეტში, რადგან ორივე ისმინება. ამიტომ კაკოსთან წერილს გაგატან, სადაც ყველაფერი წერია-მეთქი. ეს წერილი კონვერტში იდო და მისი შინაარსი მხოლოდ მე და კაკომ ვიცით, ამიტომ, ამაზე არ ვილაპარაკებ… სხვათა შორის, ის ადამიანები, რომლებიც სამსახურში მე მივიყვანე, იქიდან რომ წამოვედი, ქუჩაში თვალს მარიდებდნენ, გამარჯობას არ მეუბნებოდნენ, ლევანი კი, ჩემთან მუდმივად კონტაქტობდა – ის სხვა ღირსების ადამიანია და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობაში“ იქნება, „ოცნებაში“ თუ სადმე სხვაგან!

– ერთი სიტყვით, 2007 წლის სექტემებრში საჯარო სამსახურს ტოვებ. ამასობაში, ქვეყანაში სიტუაცია იძაბება – ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადადის… პირდაპირ გკითხავ: ადამიანმა, რომელსაც „ნაცხელისუფლებაში“ არცთუ პატარა თნამდებობა გეკავა, ბადრი პატარკაციშვილის ნდობა როგორ მოპოვე?

– ეს ვალერი გელბახიანის საშუალებით მოხდა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ…

– გელბახიანს სხვა ჟურნალისტებიც დიდი ხანია, ვიცნობთ, მაგრამ ასე ვთქვათ, „სტავკა“ შენზე რატომ გააკეთა?

– სხვათა შორის, სამსახურიდან რომ წამოვედი, ბრიფინგის ჩატარება არ მინდოდა, მაგრამ არჩაიამ და, ზოგადად, „კუდ“-მა ხმის გავრცელება დაიწყო, რომ სამსახურიდან წასვლა თითქოს მაიძულეს… ბრიფინგზე სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ ვილაპარაკე. არ ვამბობ, რომ გმირი ვარ, მაგრამ 2007 წლის შემოდგომაზე ამის გაკეთება იოლი არ იყო… ამ ბრიფინგიდან მეორე დღეს, ქუთაისში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოგზავნილი ლადო ბოჟაძე და ლევან ტერაშვილი ჩამოვიდნენ, რომლებმაც მთხოვეს, რომ იქნებ, ოქრუაშვილს შევხვედროდი.

– ამ დროს ოქრუაშვილს პარტია უკვე შექმნილი აქვს?

– არა, მაშინ ქმნიდა.

– შუამავლებს „ოქროსთან“ შეხვედრაზე დასთანხმდი?

– დიახ, მაგრამ მახსოვს, პარტიის ოფისში რომ მივედი, ტელევიზიით უკვე ოქრუაშვილის აღიარებით ჩვენება გადიოდა. ნათია ლაზაშვილსა და სხვებს არაადექვატურად მძიმე სახეები ჰქონდათ. მოკლედ, ჩემი და ოქრუაშვილის შეხვედრა არ შედგა…

– სხვათა შორის, მახსოვს, 2011 წელს, 26 მაისის მოვლენების წინ, ოქრუაშვილს მძიმე ბრალდებებს უყენებდი…

– დიახ…

მოკლედ, ამის შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა: ვალერი გელბახიანმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მე და ვალერი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს შევხვდით და „იმედში“, გიორგი თარგამაძესთან წავედით, რომელსაც ასევე, დიდი ხანი, „აღორძინებიდან“ ვიცნობ. ამ დროს უკვე ლაპარაკი იყო, რომ ბადრი პარტიის შექმნას აპირებდა. პარალელურად, 2 ნომებრის აქციისთვის გამალებული მზადება მიდიოდა…

– პირველად მესმის, რომ სისხლიან 7 ნოემბრამდე პატარკაციშვილი პარტის შექმნას აპირებდა. ყველზე მეტად კი ის მეუცნაურა, რომ ამაზე გიორგი თარგამაძემაც იცოდა…

– ყველამ ყველაფერი იცოდა… ისე, დღეს პირველად რამდენი რამ მოისმინე, არა?! მოკლედ, პარტია შეიქმნებოდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებოდა.

– ცხონებულ პატარკაციშვილის პარტია რისთვის სჭირდებოდა?

– ბადრი მაშინდელ ოპოზიციას საკმაოდ მსუყედ აფინანსებდა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, ეს ოპოზიცია სხვანიარად იქცეოდა…

– ახალ პარტიაში თარგამაძეს რა როლი უნდა ჰქონოდა?

– გიორგი თარგამაძე, ვალერი გელბახიანი, გუბაზ სანიკიძე…

– ანუ, გეგმის მიხედვით, გიორგი, 7 ნოემბარმდე, ტელევიზიას ტოვებდა და პარტიაში მიდიოდა?

– დიახ… მოლაპარაკება პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთანაც მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურჯანაძემ ვერ გარისკა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ რჩებოდა და ოპოზიციაში არ წავიდოდა. არ შედგა ბადრის და გუბაზ სანიკიძის შეხვედრაც, ბოლოს, ისინი დავრჩით, ვინც დავრჩით… ისე, ბევრ პროცესზე შეიძლება, პოზიციას აქტიურად არ გამოვხატავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ ვიცი. სხვათა შორის, ამ ფრონტს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უნდა დაესრულებინა…

– 7 ნოემბრის აქციაზე იყავი?

– კი და ბევრი რამ ვიცი, მათ შორის, რიყეზე ხალხის გაყოფა-გამოყოფაზე, მაგრამ ჯობია, იმ ფაქტებზე ვილაპარაკო, რომლის მონაწილეც უშუალოდ ვიყავი.

დაახლოებით, 11 ნოემბერს, კიტოვანის გვარდიის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი მიკავშირდება და შეხვედრას მთხოვს. შევხვდი და ასეთი ამბავი მომიყვა: 10 ნოემბერს, 11 ყოფილი სამხედრო, დისტრიბუციის მანქანებით, „მერვე პოლკის“ დასახლებაში წაიყვანეს, სადაც მუქარით ჩვენება დააწერინეს, რომ ბადრი თითქოს სახელწმიფო გადატრიალებას აწყობს და ამისთვის ყოფილ სამხედროებს 10 მილიონი გოგა ხაინდრავამ მიუტანა. სიმართლე გითხრა, ეს ინფორმაცია რომ მივიღე, ძალიან შემეშინდა.

– რატომ შეგეშინდა?

– ეს ინფორმაცია რომ გახმაურებულიყო, ამ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგებოდა.

– არ კითხე, ასეთი სადუმლო შენ რატომ გაგიმხილა?

– ეს კითხვა არ დამისვამს, რადგან ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი იყო.

– ერთი სიტყვით, დიდი ხნის მეგობარმა ზესაიდუმლო ინფორმაცია იმიტომ გადმოგცა, რომ საქმის კურსში პატარკაციშვილი ჩაგეყენებინა?

– დიახ, ეს ინფორმაცია ბადრისა და ვალერიმდე ძალიან კონსპირაციულად უნდა მიმეტანა, თან ეს პიროვნება მზად იყო, თუ ქვეყნის დატოვების გარანტიას მივცემდით, ყველაფერი კამერის წინ მოეყოლა. წარმოიდგინე, ბადრის შტაბი „კუდ“-ის, „სოდ“-ის, სამხედრო პოლიციისა და ყველა უბედურების მიერ ალყაშემორტყმულია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, შიგნით რამდენი „ნასედკა“ გყვავდა. ყველაფერი ვალერი გელბახიანს მოვუყევი და იმაზე ფიქრი დავიწყეთ, ამ ადამიანამდე ვიდეოკამერა როგორ მიგვეტანა.

– ეს ადამიანი ახლა სადაა?

– რამდენიმე წლის შემდეგ, ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა… მოკლედ, ვიდეოგადაღების დაგეგმვა დავიწყეთ. ინფორმაცია სულ ოთხმა ადამიანმა ვიცოდით – მე, ვალერი გელბახიანმა, გოგლა ჟვანიამ და გოჩა ჯოჯუამ… დღემდე მიკვირს, როგორ გადავრჩი – ალბათ, ბედის ამბავიც იყო. გიორგი თარგამაძემ კამერა და ოპერატორი გაგვაყოლა, თუმცა ოპერატორმა არ იცოდა, რას ვაკეთებდით… ყველაფერი დეტალურად გავთვალეთ, რადგან ერთი შეცდომაც კი იმას ნიშნავდა, რომ ყველანი ძალიან მძიმე სიტუაცაში აღმოვჩნდებოდით… კონსპირაციული ვიდეოგადაღების შემდეგ, ამ ადამიანს ფული და პასპორტი გადავეცი, რომ ქვეყანა ფოთიდან დაეტოვებინა. გოჩა ჯოჯუას მანქანაში გადავჯექი და ეს მასალა ბადრი შტაბში მივიტანე. ამის შემდეგ გოგლა ჟვანია და ვალერი ლონდონში, ბადრისთან მიფრინავენ. პარალელურად, ბადრიმ გოგა ხაინდრავა გამოიძახა და ვიდრე ეს მასალა გამოქვეყნდებოდა, თავისთან ჰყავდა, რადგან დაცული ყოფლიყო. არ ვიცი, გოგა ხაინდრავას გონება რატომ დაებინდა, მაგრამ რასაც ვყვები, ამის მომსწრეები დღესაც ცოცხლები არიან…

ბარბარობა დღეს პრესკონფერენცია ჩავატარეთ, ვიდეომასალა გვასაჯაროვეთ და ეს პირველი „შეკერილი“ საქმე იყო, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას გადასაგდები გაუხდა და ამის გამო შოკი მიიღო. ამის მერე უკვე კოდუას და გელბახიანის შეხვერა შედგა, რომელზეც ინფორმაცია არავის, მათ შორის, არც მე მქონდა. სხვათა შორის, პატარკაციშვილის მთელი შტაბის დაჭერა იგეგმებოდა, მაგრამ ზურაბ ადეიშვილს უთქვამს, საჭირო არააო…

მე და ვალერის ერთი გზა გვქონდა. ამიტომ, „არკადიადან“ ერთად გამოვდიოდით ხოლმე. იმ ღამეს კი, როცა ერეკლე კოდუას შეხვდა, მითხრა, საქმეზე მივდივარ და შინ დეპუტატი მერაბ ხურციძე წაგიყვანსო. მახსოვს, კოდუამ ვალერის თვითონ მოაკითხა… მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო და გზაში ოთხჯერ მაინც გაგვაჩერეს. მერე მივხვდი, ყველაფერი ეს რას ნიშნავდა – სპეცოპერაცია იწყებოდა… ამ დროს უკვე ვიცოდით, რომ ბადრისთან კომუნიკაცია უსაფრთხო შტაბიდანაც აღარ იყო, „სკაიპიც“ ისმინებოდა. პარალელურად, ის ადამიანებიც, ვისი იმედიც ბადრის ჰქონდა, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ, მაგალითად, დავით გამყრელიძემ გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა.

– ანუ, ეჭვობ, რომ გამყრელიძე „ნაცებმა“ გადაბირეს?

– არ მინდა, დეტალებზე ვილაპარაკო, მაგრამ დღეს ყველა პოლიტიკურ ქალწულობას თამაშობს. არადა, ყველამ იცოდა, რომ „მემარჯვენეები“ ბადრის შექმნილი პარტია იყო, თუმცა ბოლო მომენტში მიატოვეს. მხარდაჭერას ლევან გაჩეჩულაძისგანაც ველოდით, რომელიც მთლიანად ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებული იყო, მაგრამ მანაც გამოაცხადა, ერთადერთი, რაზეც ბადრისთან მოლაპარაკებას გავმართავ, ის იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნასო.


– ელისო, თუ იცი, ამ დროს პატარკაციშვილსა და ივანიშვილს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

– ვიცოდი, რომ არსებობდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბადრისთან ძალიან მძიმე ურთიერთობა ჰქონდა. 2003 წელს, საჩხერეში მაჟორიტარული არჩევნები ვალერი გელბახიანმა მოიგო, რომელსაც ბადრი ლობირებდა და აფინანსებდა, მგონი გასაგებია, საიდან მოდის ვალერი გელბახიანისა და ბიძინა ივანიშვილის მტრობაც. სხვათა შორის, ბადრი ორჯერ მეტ ქონებას ფლობდა – რეალურად, 12-13 მილიარდი ჰქონდა. ქალაქელი იყო, საერთაშორსო გავლენებითაც გამორჩეოდა – ურთიერთობა კლინტონის ძმებთან ჰქონდა, ებრაული ლობი იცავდა და ბერეზოვსკიც… როცა ბადრი ბიზნესფედერაციაში „ნაციონალების“ წინაღმდეგ პირველად გამოვიდა, ალბათ, გახსოვს, მხარი არავინ დაუჭირა. ისიც ჩვენს თვალწინ მოხდა, მეგობრებმა როგორ „მიაყიდეს“ – მაგალითად, შტაბში ერთხელაც არ გამოჩენილა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც მერე ამბობდა, ბადრის მეგობარი ვარო. მოკლედ, ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ და ვფიქრობდით, რომ ყველას დაგვიჭერდნენ… 23 დეკემბერს, ვალერი გელბახიანი და ვიქტორ ჯაფარიძე სომხეთში წავიდნენ, რადგან საქართველოდან ბადრისთან კომუნიკაცია უსაფრთხო აღარ იყო და მისთვის იქიდან უნდა დაერეკათ. მეორე დღეს, დილით, გიორგი კეპულაძემ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი იყო, დამირეკა და მითხრა, შტაბში მოვალთ და 12-სათიან „კურიერს“ ერთად ვუყუროთო. რა მიხვედრა უნდოდა, რომ ჩვენს თავს რაღაც ხდებოდა. მოკლედ, „რუსთავი 2“-ზე დამონტაჟებული ჩანაწერები გავიდა. სხვათა შორის, მაშინ ტელევიზიის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო, ახლა წამებულის მანტიას რომ ისხამს და დაფნის გვირგვინი უნდა… ამასობაში, ვალერი გელბახიანი მირეკავს და მეუბნება, რომ საღამოს საქართველოში იქნებოდა და მისი პრესკონფერენცია დამენიშნა. კატეგორიულად გავაფრთხილე, როგორც კი დაბრუნდები, დაგიჭერენ-მეთქი, მაგრამ მპასუხობს, დეპუტატი ვარ და ვერ დამიჭერენო. ვუხსნი, რა დეპუტატი, რის კანონი, ქვეყანაში განუკითხაობაა-მეთქი… ვალერი მზად იყო, საქართველოში დაბრუნებულიყო და დაეჭირათ, მაგრამ ბოლო მომენტში, ბადრი პატარკაციშვლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვალერი საქართველოში არ ჩამოსულიყო – გელბახიანს უცხოეთის პასპორტი არ ჰქონდა, ამიტომ, ბადრიმ სომხეთში საკუთარი თვითმფრინავი გაუგზავნა და ლონდონში წაიყვანა. ამის შემდეგ კოშმარი დაიწყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… 13 თებერვალს კი, ვიგებთ, რომ ბადრი გარდაიცვალა…

– პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე შეკითხვები გაქვს?

– კი, მაქვს… რომ ჩამოასვენეს, სასახლესთან მისვლის საშუალება არავის მოგვცეს. ვფიქრობდით, რომ სასახლეს ბოლო მომენტში მაინც გახსნიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა…

– იზიარებ ზოგის მოსაზრებას, რომ ბადრი ცოცხალია?

– არა, არ ვიზიარებ, რადგან ცოცხალი რომ იყოს, აქამდე აუცილებლად გამოჩნდებოდა, მაგრამ საეჭვო ერთი გარემოებაა: ძალიან ახლობლები ამბობენ, რომ 2 ნომებრის მიტინგზე ბადრი კი არა, მისი ორეული გამოვიდა. არ მინდა, იმ ხალხს დავემსგავსო, ვინც დღემდე ამბობს, ზვიადი ცოცხალიაო, მაგრამ არსებობდა ვერსია, რომ 2 ნომებრის მიტინგზე, რეალურად, ბადრი პატარკაციშვილი არ გამოსულა. სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ გია ხუხაშვილი მომხრე არ იყო, 2 ნოემბრის მიტინგზე გამოსულიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბადრის ვანო ჩხარტიშვილმა მიაღებინა…

მოკლედ, ეს ერთი ეპოქა ბევრისთვის ძალიან მძიმედ დამთავრდა – ვალერი გელბახიანი დევნილი იყო და წლების განმავლობაში, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა.

შევეცადეთ, საინფორმაციო სივრცე გაგვერღვია – ფილმი გადავიღეთ, სადაც ფარული ჩანაწერები სრულადაა წარმოდგენილი, მაგრამ არც ერთმა ტელევიზიამაც არ გაუშვა. ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრის სტენოგრამა „ალია ჰოლდინგის“დამფუძნებელ გიორგი ბრეგაძეს მივუტანე და ეს მასალა გამოქვეყნდა, რისთვისაც მისი დღემდე მადლობელი ვარ…

ყველაფერ ამის შემდეგ, ელისო, შენც ცხოვრებაში სხვა ეტაპი იწყება, თუმცა დეტალებზე აღარ შევჩერდები და 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გაგახსენებ და უხერხულ კითხვებსაც დაგისვამ…

– შეგიძლია, ყველაფერი მკითხო, მაგრამ 2012 წლამდე ეპოქაც საინტერესოა, რადგან ადამიანებმა არ იციან, თუ რა მაქვს „ქართული ოცნებისთვის“ გაკეთებული.

– ამ, ასე ვთქვათ ეპოქიდან, როგორც მახსოვს, რაღაცები მოგიყოლია…

– დიახ, რადგან იძულებული გავხდი, მელაპარაკა… ისე, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან სიცოცხლითაა დავალებული, თუმცა დეტალებზე საჯაროდ არ მილაპარაკია, თუ რატომ ჩავიდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი რიჩარდ ნორლანდი არჩევნების ღამეს ზუგდიდში.

– რატომ?

– ივანიშვილის საარჩევნო შტაბთან არა, მაგრამ ურთიერთობა მის ამერიკელ მრჩეველ პოლ ჯოელთან მქონდა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა. „ციხის კადრების“ გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, ცხადია, მათ ვინაობას არც დღეს არ ვიტყვი, ჩემთან მოდის და მაწვდის ინფრომაციას, რომ გენშტაბში მობილიზაცია მიმდინარეობს, ფულია შეტანილი და აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული პროვოკაცია იგეგმება, რაც გარდაუვალი ომია, ანუ არჩევნების შედეგები აღიარებული არ იქნება და ქვეყანაში ქაოსი დაიწყება. გამთენიისას, პოლ ჯოელს ვხვდები, ამ ინფორმაციას და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გადაღებულ ფოტოებსაც ვაძლევ. იმასაც ვეუბნები, რომ ირაკლი ალასანიას მკვლელობა იგეგმება. არ ვიცი, ალასანიამ ამის შესახებ იცის თუ არა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო და ამის შესახებაც პირველად ვამბობ.

– ალასანია რატომ უნდა მოეკლათ?

– არეულობის მიზნით.

– და მკვლელობას ვინ გეგმავდა?

– თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა.

მოკლედ, ამ ინფორმაციის მიღების მერე ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ჩადის, პარალელურად, ამერიკელების უშუალო პატრონაჟით მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგები აღიარა და ეს პროვოკაციაც აღარ გამოვიდა…

– მოკლედ, 2013 წელს „ქრონიკა+“-ის გამოცემას იწყებ, რომელიც გავლენიანი უცებ ხდება. გაზეთს ვინ აფინანსებს?

– „ქრონიკა+“-ს „ნაცმოძრაობასთან“ ფინანსური ურთიერთობა არასოდეს ჰქონია!

– ზოგი დაფნანსებას კალაძეს „აბამს“…

– კახი კალაძეს არ ვიცნობ, სულ ერთხელ მყავს ნანახი… ის ადამიანები, ვინც ამ გაზეთის დაფინანსება გადაწყვიტეს, ამაზე ოდესმე, ალბათ, ილაპარაკებენ!

– ანუ, ადასტურებ, რომ „ქრონიკა +“-ში ფული ვიღაცამ ჩადო?

– რასაკვირველია.

– ამ ვიღაცებმა ფული ბიზნესინტერესის გამო ჩადეს თუ პოლიტიკური?

– ჯერჯერობით ეს მხოლოდ გარკვეული გავლენებია და მათ პოლიტიკური გეგმები ამ ეტაპზე არ აქვთ. სამომავლოდ ექნებათ თუ არა, გამოჩნდება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ, აუცილებლად მათთან ერთად ვიქნები!


– პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაქვს?

– ამ არჩევნებში, ალბათ, – არა!

„ქრონიკა +“ ჩემმა მეგობრებმა დააფინანსეს,ისინი არც ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულინ და არც ივანიშვილის მიმართ კრტიკულად განწყობილი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს უნდოდათ, რომ საინფორმაციო სივრცის თვალსაზირისით, გარკვეული გავლენა ჰქონოდათ…ეს იყო და ეს, მგონი გამოგვივიდა კიდეც.

გამიმართლა, რომ კარგად ინფორმირებული წყაროები მყავს და არც იმას დავმალავ, რომ ხშირად წყაროები ეს ადამიანებიც იყვნენ… ისე, თამამად იმიტომ ვარ, რომ ბაზარზე – სახელისუფლო რეკლამაზე არ ვარ „ჩამოკიდებული“.

– „ქრონიკა+“ დღემდე დოტაციაზეა?

– რაც დრო გადის, დოტაცია საჭირო აღარ არის

– ეს დაფინანსება ოფიციალურად ხდება?

– რასაკვირველია.

– ესე იგი, თუკი ვინმემ მოინდომა, იგივე საჯარო რეეტრიდან საბუთებს „ამოწევს“ და დაადგენს, გაზეთის უკან ვინ დგას, არა?

– ვერ დაადგენს… გაზეთის 100 %-იანი მოწილე მე ვარ …

– ეს დავწერო?

– თუ გინდა, დაწერე!

პირდაპირ ვამბობ: ამ გაზეთის დამფინანსებლები კახი კალაძე და დათო კეზერაშვილი არც ყოფილან და არც არიან!

იცი, აუდიტორა დაბნეული რატომაა? – ხმა მომდის, „ნაცებში“ ხშირად არკვევენ, ეს ივანიშვილის გაზეთი ხომ არაა და დაპირისპირებას ხომ არ თამაშობენო. „ოცნებაში“ კი „ნაცმოძრაობაზე“ ამბობენ, მაგრამ ერთადერთი, რაც „ნაცმოძრაობასთან“ მაკავშირებს, ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრობაა, აკრძალვები არ არსებობს – მაგალითად, გიგა ბოკერიაზეც დამიწერია, გია ბარამიძეზეც…

– ელისო, ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე კულუარული ინფორმაცია გაქვს. ამ ინფორმაციებს იმის გამო ასაჯაროებ, რომ გაზეთი რეიტინგული იყოს?

– ეს ის საქმეა, რომელიც მომწონს და რომელსაც ვაკეთებ! მაგრად „მევასება“, როცა ექსკლუზივი მაქვს! ფული არა, მაგრამ სხვისი ექსკლუზივი შემშურებია!

– ექსკლუზივი კარგია, მაგრამ როგორ არკვევ, ეგებ, დეზინფორმაციაა?

– ვაღიარებ: დეზინფორმაციის შემოგდება ყოფილა და დიდი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც გავხდი!

– რას გულიხმობ?

– ეს გელა ხვედელიძესთან დაკავშირებული ამბავი იყო, რომელშიც ჩართული ბევრი მიზეზის გამო აღმოვჩნდი. ამას „პირველი ეშელონის“ თეორიას ვეძახი და ვაღიარებ, რომ ის ადამიანები, ვინც ეს დაგეგმეს, ჩემზე ჭვიანები აღმოჩნდნენ. გელა ხვედელიძის საქმე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, წინ ბევრი სიურპრიზია და ბოლოს ეს საქმე აუცილებლად დასრულდება ხვედელიძის სრული რეაბილიტაციით!!!

– ისე, რამდენიმე ხნის წინ, დაანონსე, რომ ხვედელიძესთან ინტერვიუ ჩაწერე, თუმცა არ გამოგიქვეყნებია. რატომ?

– ეს ინტერვიუ აუცილებლად გამოქვეყნდება…მწარე სიმართლეა ბევრისთვის!

სხვათა შორის, ამ ამბამდე ჩემსა ძმასა და შვილთან დაკავშირებით ორი ინციდენტი მოხდა. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ჩემს შვილს ნარკომანს ეძახდა. მერაბიშვილის დროს ორჯერ „მარიხუანის“ მოხმარებისთვის დააკავეს.

– „მარიხუანას“ მომხმარებელი მართლაა?

– ობიექტურ ადამიანი ვარ და, პირველ შემთხვევაში არ ვიცი, რ მოხდა, ანუ როცა ანალიზი გაუკეთეს, აქ არ ვიყავი, თუმცა მეუბნება, რომ ზემოქმედების ქვეშ არ იყო და მჯერა. მეორე შემთხვევა კი, ქუთაისში მოხდა, როცა ჩემი და ჩემი მეგობრების თვალწინ „აიყვანეს“ და ანალიზი სუფთა ჰქონდა, ამის მომსწრე პოლიციის თანამშრომლები არიან, თუმცა ოქმის შედგენისას უცებ „მარიხუანას“ მოხმარება აღმოუჩინეს! თუმცა კატეგორიულად ფიქრობს, რომ ქვეყანაში „მარიხუანას“ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და არ შეიძლება ადამიანებს შარდით დაარბენინებდნენ აქეთ-იქით!!!

ხშირად ჩემი შვილის ნარკომანობის არგუმენტად მისი გარეგნობა მოჰყავთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ამასაც ვიტყვი და მინდა, ყველამ გაგოს: ჩემი შვილი ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და ძალიან პერსპექტიული მეკარე იყო, მაგრამ უმძიმესი ტრამვა მიიღო – თავზე 60-კილოგრამიანი დღის განათება დაეცა და სიკვდილს შემთხვევით გადარჩა. მოკლედ, სამი ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ნარკოტიკთან შეხებაზე ლაპარაკიც ზედმეტია!!! ვცდილობ, ეს თემა გავატარო ხოლმე. თუ ვინმეს რამე უნდა, მე მელაპარაკოს და ჩემს შვილს თავი დაანებოს! ადამიანებთან ანგარიშსწორება შვილებით არ შეიძლება! ქალიშვილი ჯერ არ გამხდარა პოლიტიკური ინტრიგების და ჭორების მსხვერპლი, საერთაშორისო სამართალს სწავლობს „ჯავახიშვილში“, რაც შეეხება ჩემს სეხნია, ელიზაბეტს, ხშირად ჩემზე მეტად პოპულარულია „ფეისბუქში“.


– …გიტირია?

– კი, მიტირია…

– ეს ტირილი ჟურნალისტურ საქმიანოაბას უკავშირდება?

– არა.

– რამეს ნანობ?

– გულახდილად ვიტყვი: ვნანობ!!!

იმ შეცდომების გამოსწორება მინდა, რაც გელა ხვედელიძის საქმეში მიმიძღვის!.. მას მერე, რაც დააკავეს და გაათავისუფლეს, ჩვენი კომუნიკაცია სპონტანურად მოხდა: ჩემთან მოვიდა, ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ , ყველაფერი მომიყვა, თუ რა და როგორ მოხდა. მე მას დავუჯერე, რადგან ყველაფერი ფაქტებითა და თანმიმდევრობით „დაალაგა“. სხვათა შორის, არ უთქვამს, უპირობოდ დამიჯერეო… ამის შემდეგ ჩვენი მეგობრობა დაიწყო… მის რეაბილიტაციას ბოლომდე შევეცდები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია!

– ელისო, თუ პოლიტიკაში წახვალ, „ქრონიკა+“ დაიხურება?

– არა, რადგან დონორებიც რომ აღარ ჰყავდეს, გაზეთი თავს უკვე თვითონაც უვლის, თან აქ პროფესიული გუნდი ჩამოყალიბდა. ჟურნალისტური ინტრიგები არ მიყვარს, თანამშრომლებს ერთმანეთთან კარგი ურთირთობა აქვთ, ეს კარგად შეკრული, ძლიერი გუნდია… ხშირად გაზეთის გამოსვლის დღეს ვიგებ, რა მასალებზე მუშაობენ. ისეთი რედაქტორი არ ვარ, რომ დავალებები მივცე და არც აკრძალული თემები არსებობს. ერთადერთი აკრძალვა ისაა, რომ ადამიანის პირადზე არ უნდა ვწეროთ… სხვათა შორის, მეც რიგითი ჟურნალისტივით ვმუშაობ და ჩანაწერის გაშიფვრა მეზიზღება! ამას ბევრი დრო მიაქვს…

– ელისო, ხომ არ დადგება დრო, როცა აღმოაჩენ, რომ დონორებმა, რომლებმაც გაზეთში ფული ჩადეს, გამოგიყენეს.

– არა. რადგან დაკვეთები და დავალებები არ მოდის! სხვათა შორის, ისინი საქართველოში არ არიან. მათგან ერთი ჩემი მეგობარია, რომელსაც პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ოდესმე ჰქონდეს, შეიძლება – არა…

– ვერ გავიგე, თუ პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ, ფულს რატომ ხარჯავენ?

– (იღიმება) უნდათ და ხარჯავენ!..

ისე, თუ პოლიტიკაში წავალ, გაზეთში წილს გავყიდი, რადგან „კუდი“ არ დავტოვო და ჩემი წარმატების, ან წარუმატებლობის გამო რამე სალაპარაკო არ გახდეს!


– …საჯარო თავშეყრის ადგილებში, ვთქვათ, რესტორანში დადიხარ?

– მხოლოდ მეგობრებთან ერთად. საჯარო პირებთან ერთად არსად დავდივარ – ეს ჩემი ცხოვრების წესია! ჩემი, როგორც ჟურნალისტის, შეიძლება, კომპლექსიცაა – არ შემიძლია, ადამიანთან სახლში მივიდე და მერე მასზე რამე დავწერო. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ღარიბაშვილის კარზე ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, ჩემთვის აეხსნა, რომ კონკრეტულ საქმესთან შეხება არ ჰქონდა. თანამდებობიდან რომ წამოვიდა, საერთო მეგობრის საშუალებით, სახლში დამპატიჟა. რამდენჯერმე მივედი, მაგრამ ხვედელიძისგან განსხვავებით, ჩემი დარწმუნება ბოლომდე ვერ მოახერხა, თუმც ვინაიდან მისი ოჯახი გავიცანი, მასზე აღარასოდეს დავწერ! ეს გულახდილობა ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, კარგი შეიძლება, არაა, მაგრამ გულწრფელი ვარ. მოკლედ, ადამიანებთან პირად ურთიერთობებს ვერიდები! არც მედიატურებში დავდივარ, რადგან მერე თავისუფალი ვეღარ ვიქნები!..

რაკი გულახდილობაა, ბარემ ბოლომდე გეტყვი: მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად ჯიუტი, ერთგული, სამართლიანი და უკომპრომისო ადამიანი ვარ, არ ვიცი პატიება და ვარ შურისმაძიებელი, ნურავის ექნება იმედი, რომ ვინც რამე მიქარა, ვინმეს რამეს ვაპატიებ!

5 views0 comments
bottom of page